English / ქართული / русский /
ავთანდილ სილაგაძე
ქართული ეკონომიკური აზროვნების ისტორიიდან

ანოტაცია

ფეოდალური ეპოქის საქართველოში ჩამოყალიბებული ბევრი საინტერესო ეკონომიკური მოსაზრება, ვფიქრობთ, სპეციალისტთა ყურადღებას იმსახურებს თანამედროვე პერიოდშიც. ამ შემთხვევაში მხედველობაში გვაქვს ბექასა და აღბუღას „სამართლის წიგნი“. იგი განსაკუთრებით საყურადღებოა მერკანტილისტური დოქტრინის პოზიციებიდან გამომდინარე და არამარტო! ის ქართულ ენაზე დაიწერა (XIII-XIV) და სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირებას ით-ვალისწინებდა საქართველოს ერთ-ერთ უძველეს რეგიონში _ სამცხე-საათაბაგოში. უფრო კონკრეტულად, ფეოდალური მეურნეობის განკერძოებულობის პირობებში. იგი რეგიონის პოლიტიკურ მისწრაფებებს ასახავდა, მაგრამ ირკვევა, რომ ეს რეგიონი არ ივიწყებდა ქართულ სულს და ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლებისადმი პატივისცემას გამოხატავდა. „წიგნი“ გვაწვდის უძვირფასეს მასალას იმდროინდელი სამხრეთ საქართველოს (რომლის დიდი ნაწილი ამჟამად ქვეყნის ფარგლებში აღარ შედის) პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წყობილებაზე. ის 98 მუხლისაგან შედგება და, წმინდა სამართლებრივი ნორმების გარდა, ადგენს საკუთრების, გირავნობის, სასესხო ურთიერთობების, მემკვიდრეობის, ფინანსური და ვაჭრობის, დაქირავებული შრომითი ურთიერთობების და სხვ. წესებს.

“სამართალში“ დადგენილია საზოგადოების წევრთა უფლებების დიფერენცირება სხვადასხვა წოდებრივი სტატუსის მიხედვით. კერძოდ, მაღალი ფენის წარმომადგენლის უფლებების შელახვა ათმაგად მკაცრად ისჯებოდა სხვებთან შედარებით; ბატონს გაქცეული გლეხის უკან დაბრუნების უფლება ჰქონდა, თუ მას 30 წლის ვადაში იპოვიდა; იცავს მიწაზე ფეოდალთა საკუთრებას; გან-საზღვრავს ბატონისა და გლეხის ურთიერთდამოკიდებულების ნორმებს; ოჯახის ერთიანობის შესანარჩუნებლად შვილს არ შეეძლო მამის ქონების გაყოფა; ქურდმა მოპარული ქონება ორმაგი რაოდენობით უნდა დააბრუნოს და სხვ.

საათაბაგოში დამკვიდრებული ფეოდალური ურთიერთობების მიხედვით, `ფეოდი~ პატრონს ეკუთვნოდა და მამულის ჩუქება და ფლობა მორჩილებასა და ერთგულ სამსახურს მოითხოვდა. `ფეოდში~ ბატონი ყველაფერს მართავდა. სამართლის წიგნიდან ირკვევა, რომ საკუთრების მფლობელ გლეხობას თავისუფალი და დროებითი დამოკიდებულება ჰქონია მიწის მფლობელთან, რომელთანაც ხელშეკრულებით დამოკიდებულებაში ყოფილა; ყმების შევსების წყაროებად დასახე¬ლებულია ტყვეები და ასევე ადამიანთა მიერ ვალის გადაუხდელობა.

„სამართლის წიგნში“ მერკანტილისტური დოქტრინის მსგავსად, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ვაჭრობის განვითარებას, განსაკუთრებით _ მსხვილი ვაჭრების დაცვას; დადგენილია, რომ მსხვილი ვაჭრის ხელყოფა ორჯერ მეტად ისჯებოდა წვრილი ვაჭრის ხელყოფასთან შედარებით და 3-ჯერ მეტად - ვიდრე გლეხის ხელყოფა (მუხლი 96). ასეთი მეთოდების გამოყენება შემთხვევითი არ იყო, ვინაიდან ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში ვაჭრობას, მათ შორის საგარეო ვაჭრობას და ვაჭრებს, როგორც გამორჩეულ ფენას, ასტიმულირებდა მეფის ხელისუფლება. ამ მიზნით შექმნილი იყო ვაჭრობის ასოციაცია „ორთაღი“, რომელიც განსაკუთრებით საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობით იყო დაკავებული, პარალელურად, საკრედიტო საქმიანობასაც ეწეოდა და უძრავი ქონების გირაოს ქვეშ სესხებს გასცემდა.

შემთხვევითი როდია, რომ „სამართალში“ საკმაოდ ვრცლადაა საუბარი საკრედიტო ვალდე-ბულებებზე. როგორც ირკვევა, სესხის აღებისას ვერცხლი და პური გამოიყენებოდა. თუ ადამიანი სესხს აიღებდა პურით გასტუმრების პირობით, მაშინ მას ძირითადი ვალის გარდა, მასზე დამატებითი 50% პურით უნდა გადაეხადა. აქედან გამომდინარე, „სამართლის წიგნი“ ნატურით გასესხებისას სარგებლის მაქსიმალურ ზღვრად 50%-ს, ხოლო ფულის (თეთრის) გასესხებისათვის კი 20%-იან სარგებელის განაკვეთს ადგენს. „სამართალი“ გარკვეულ შეღავათებსაც ადგენდა სასესხო ურთიერთობებში.

„კანონის“ მიხედვით, გირაო ითვალისწინებდა დაგირავებული მამულის ფასდაკლებით გაყიდვის პირობებს, რაც მესაკუთრეს მისი გამოსყიდვის შესაძლებლობას აძლევდა; აუცილებელი იყო კეთილსინდისიერების დაცვა ბაზარზე საქონლის ყიდვა-გაყიდვისას; მყიდველს სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მიწოდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეეძლო ნაყიდი საქონლის უკან დაბრუნება და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა. „სამართალი“ შეეხო თანამედროვე ეპოქისათვისაც მეტად აქტუალურ თავდებობის ინსტიტუტსაც; ვალის გაუსტუმრებლობის შემთხვევაში პასუხ-ისმგებლობა თავდებ პირსაც მოეთხოვებოდა _ თუ ვალის ამღები პირობას დაარღვევდა, მოვალეს შეეძლო მისგან მოეთხოვა ვალის დაფარვა. `სამართალში~ გამოყენებული ტერმინები ქირა და საქირავნო ხელშეკრულება ვრცელდებოდა როგორც უსულო საგნების, ასევე ადამიანთა მიმართ. დაქირავებული შრომის გამოყენება შესაძლებელი იყო ნებისმიერ, მათ შორის სამრეწველო საქმი-ანობაში, მაგრამ წინასწარ, ხელშეკრულებით უნდა განესაზღვრათ ქირის რაოდენობა. ამასთან, დამქირავებულს დაქირავებულისთვის ცუდად მოპყრობის უფლება არ ჰქონდა. იმდროინდელ ფეოდალურ ეპოქაში გამოთქმული მსგავსი მოსაზრებები აშკარად წინ უსწრებდა დროს.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმები ერთი მხრივ შეესაბამებოდა იმდროინდელ მოთხოვნებს, მაგრამ ხშირად წინაც უსწრებდა იმავე ეპოქის დღის წესრიგში მდგომ საკითხებს და ვეღარ თავსდებოდა ფეოდალურ ჩარჩოებში. მაგალითად, სამუშაო ძალის დაქირავების თავისუფლად დაშვება გარკვეული სიახლე იყო ფეოდალურ ეპოქაში და მომა-ვალში კაპიტალისტური ურთიერთობების საკვანძო საკითხი გახდა. ცენტრისა და რეგიონის ურ-თიერთპატივისცემა აშკარად სახეზეა, მიუხედავად რეგიონის განცალკევებისა. მათ მჭიდრო ურ-თიერთკავშირს აძლიერებს სინქრონული ეკონომიკური განვითარება.

სამწუხაროდ, თანამედროვე საქართველოში ქალაქსა და სოფელს შორის ისევ დიდი „უფსკრულია“, რეგიონებიც ასიმეტრიულად ვითარდებიან: დღგ-ს დაახლოებით ნახევარი დედაქალაქის წილად მოდის, ხოლო რესურსებით მდიდარი სამცხე-ჯავახეთის წილი მხოლოდ 2.8%-ის ფარგლებშია (დიაგრამა 1). მართალია, ამ რეგიონის „ძველი“ და ამჟამინდელი ტერიტორიები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან, მაგრამ მას საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსები (აგრარული, ენერგეტიკული, წყლის, წიაღისეულის...) გააჩნია განვითარებისათვის. მით უმეტეს, რომ ამ სასაზღვრო რეგიონზე გადის ევროპისკენ მიმავალი ახალი სარკინიგზო ხაზი.



დიაგრამა 1. მთლიანი დღგ-ს სტრუქტურა (%) რეგიონების მიხედვით (2015)
1) კახეთი, 2) თბილისი, 3) შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი, 4) ქვემო ქართლი, 6) აჭარა, 7) გურია, 8) სამეგრელო-ზემო სვანეთი, 9) იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
http://geostat.ge/?action=page&p_id=118&lang=geo

ამრიგად, დიაგრამაზე ასახული მაჩვენებლების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ბოლოდან მეორე ადგილზეა! ცხადია მას აშკარად მეტი პოტენციური შესაძლებლობები აქვს იმის¬თვის, რომ მწვავე ფინანსური დეფიციტის პირობებში არ ფუნქციონირებდეს.

მთლიანობაში, ბექასა და აღბუღას „სამართლის წიგნი“ ერთ-ერთი ძვირფასი წყაროა საზოგადოების ეკონომიკური განვითარების პირველი დოქტრინის _ მერკანტილიზმის წინა ისტო-რიისა და, ასევე, საბაზრო ეკონომიკის დოქტრინების ცალკეული ელემენტების ანალიზისთვის, რამდენადაც მასში განსაზღვრულია თანამედროვეობისათვის მეტად აქტუალური საკითხები: ზოგადად ეკონომიკის, კერძოდ, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის და ფინანსურ-საკრედიტო ურთიერთობების სფეროებში; ვაჭრობისა და ვაჭრების წახალისების მერკანტილისტური ელემენტები; გირავნობის ინსტიტუტის პირობები; სამუშაო ძალის დაქირავების თავისუფალი შესაძლებლობა და სხვ.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ათანელიშვილი თ., 2006. ეკონომიკური რეფორმები საქართველოს დემოკრატიულ რესპუ-ბლიკაში. თბილისი.
2. ბერაძე ს., ჭანუყვაძე გ., კრავცოვი ი., 1973. ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია, ნაწ. I, თბილისი.
3. ბექასა და აღბუღას სამართალი, 1963. ქართული სამართლის ძეგლები. ტ. 1, თბილისი.
4. თევზაძე გ., 1981-1982. შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის პრობლემები. ნაწ. I და II, თბილისი.
5. მეტრეველი რ., 1972. ნარკვევები ფეოდალური საქართველოს ისტორიიდან. თბილისი.
6. სილაგაძე ა., 2010. ეკონომიკური დოქტრინები. თბილისი.
7. ურბნელი ნ., 1890. ათაბაგნი ბექა და აღბუღა და მათი სამართალი. ტფილისი.
http://www.library.court.ge/upload/atabagni_beqa_da_aghbugha_da _maTi_ samartali.pdf
8. ხარიტონაშვილი ჯ., 1997. ეკონომიკურ მოძღვრებათა რეტროსპექტივა და თანამედროვე პრობლემები. წიგნი 1. თბილისი.
9. Zubiashvili, T., Atanelishvili, T., 2017. Some Aspects of National economic Doctrine.. J. Ecoforum. Vol. 6. №1.
10. Silagadze, A. , 2017. About Regional Economic Thought. J. Ecoforum. Vol. 6. №2.
11. Silagadze, A., 2016. Historical Parallels of the National Economic Doctrines. J. Ecoforum. Vol. 5. №2.
12. Silagadze, A., 2013. Priorities for the Economy of Post-communist Georgia in the Context of the World Financial Crisis. J. Problems of Economic Transition (USA). Issue: Vol. 56, Number 8 / December, pp. 3–16.
13. Silagadze, A., 2010. Economic Thought in Feudal Georgia. The Caucasus & Globalization. Volume 4, Issue 3- 4, pp. 57–66. CA&CC Press, Sweden.
14. Silagadze, A., Atanelishvili, T., 2010. Aspects of Economic Doctrines in Georgia. San Francisco.
15. ინტერნეტ მასალები: http://www.qim.ge/agbuga.html; (http://tsulawstudents. blogspot. com /2012/11 /1-2-3-4.html;http://teona-giorgelashvili.blogspot.com/2013/09/blog-post.html);http://teona-iorgelashvili.blogspot.com/2013/09/blog-post.html 29.04.2017.